საქართველოს
განათლების და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის
მასობრივი დამკვიდრების ხელშეწყობის პროგრამა
სახელმძღვანელო
მარტივ სამთო ბილიკებზე მოსწავლე ახალგაზრდების გამყოლისათვის
თბილისი
– 2018
„სახელმძღვანელო მარტივ მთის ბილიკებზე მოსწავლე ახალგაზრდების
გამყოლისათვის“ მოიცავს მარტივ სამთო-საფეხმავლო მარშრუტების გასავლელად საჭირო
რჩევებს.
სახელმძღვანელოში გამოყენებულია: ააიპ „საქართველოს მთის მოყვარულთა კავშირის“ 2007
წელს გამოცემული პირველი და ერთადერთი ქართულენოვანი კრებული „გამყოლი სამთო
ტურიზმში“ (ავტორები თ. ბაქანიძე, დ. გაბუნია, გ. ქართველიშვილი, ჯ. ხანთაძე).
აღნიშნულმა კრებულმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა
საქართველოს მთიან რეგიონებში ადგილობრივი (თვითნასწავლი) „სამთო გამყოლის“
სპეციალობის და ათეულობით მოქმედი სამთო გამყოლის ჩამოყალიბებაში, რომლებიც
წარმატებით წინამძღოლობენ საკმაოდ რთულ სამთო ტურისტულ ბილიკებზე უცხოელი
ტურისტების ჯგუფებს.
დღეს, გ. ქართველიშვილი (საქართველოს მთამსვლელთა
ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი) და ჯ.
ხანთაძე („საქართველოს მთის მოყვარულთა კავშირის“ თავმჯდომარე, გ. ნიკოლაძისა და
საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ქიმიის მეცნ. დოქტორი) სხვა
თანაავტორებთან ერთად არიან სამთო ბილიკებზე სიარულის საშუალებით „საქართველოს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების მასობრივი დამკვიდრების ხელშეწყობის პროგრამის“
იდეისა და წინამდებარე სახელმძღვანელოს ავტორები.
სარჩევი
ავტორებისაგან
. . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . 4
სამთო-საფეხმავლო
შიდა (ადგილობრივი) ტურიზმი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . 5
სამთო-საფეხმავლო
მარტივი მარშრუტის დახასიათება . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . 6
ავტოტრანსპორტით
მგზავრობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . 7
სამთო
ტურიზმი, ეკოლოგია და ბუნების დაცვა . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . 8
მთის
ზემოქმედება ადამიანზე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . 9
ჰავა
და ამინდი მთაში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . 10
მთის
კლიმატურ პირობებთან დაკავშირებული საფრთხეები . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 11
ადამიანის
ფაქტორით გამოწვეული საფრთხეები . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 12
მთაში
უსაფრთხო გადაადგილების წესები, საკარვე ბანაკი და
საველე
პირობებში ცხოვრების ძირითადი საკითხები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 13
რა
მოეთხოვება სამთო გამყოლს, ზოგიერთი რჩევა .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . 17
სასწრაფო
გადაუდებელი – ექიმამდელი დახმარება . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 24
სამთო
ტურისტული მარშრუტის აღწერილობის შედგენა .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . 26
ავტორებისაგან
მთაში სიარულს – მთამსვლელობას, როგორც ქართველი კაცისათვის ორგანულ საქმიანობას,
ოდითგანვე და დღესაც ქვეყნის
მოსახლეობის გამაჯანსაღებელი, შემეცნებითი და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური
განვითარებისათვის უდიდესი დატვირთვა აქვს.
საქართველოს ტერიტორიის ორი მესამედი ულამაზეს მთებს, მწვერვალებს და
მათ მისადგომებს უჭირავს. ამიტომ მთის ბილიკებით მასობრივ ინტენსიურ სიარულს
შეუძლია, სპორტის ყველა სხვა სახეობისაგან განსხვავებით, მომავალ თაობას ფიზიკური
და სულიერი გაჯანსაღების გარდა, გააცნოს სამშობლო და ჩაუნერგოს ისეთი ღირებულებები,
როგორიცაა სამშობლოს სიყვარული, პასუხისმგებლობის გრძნობა, გამბედაობა, ინტერესი
შრომის, გარემოს მოვლისა და საყოფაცხოვრებო საქმიანობისადმი, მოამზადოს იგი
დამოუკიდებელი აზროვნებისა და მოქმედებისათვის, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჰარმონიულ
განვითარებას, გამოავლინოს ყმაწვილის გონებრივ-ფიზიკური შესაძლებლობები და დროულად
დაეხმაროს მას თავისი ნიჭიერებისა და მიდრეკილებების ამოცნობაში.
„მთის ბილიკი“ სულაც არ ნიშნავს მაღალ მთაზე ან მწვერვალზე ასვლას, აქ
მხედველობაში გვაქვს საქართველოს ის უამრავი გამორჩეული მთა და მათი მისადგომი,
რომლებიც სხვადასხვა თაობის მოლაშქრეთა ადგილსამყოფელიდან ეს იქნება ქალაქი, დაბა
თუ სოფელი, შედარებით ახლოს მდებარეობენ, აქვთ გაკვალული მისასვლელი ბილიკი და უსაფრთხოა მათი გავლა, მით
უმეტეს, თუ ჯგუფს ჰყავს ადგილობრივი გამყოლები.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „საქართველოს განათლების სამინისტროს
მოსწავლე ახალგაზრდებს შორის მთის მარტივ ბილიკებზე სიარულის საშუალებით ჯანსაღი
ცხოვრების წესის დამკვიდრების“ პროექტის ფარგლებში საქართველოს განათლების
სამინისტროს საგანმანათლებლო სექტორის ხელმძღვანელების, პედაგოგების, მოხალისეებისა
და ლიდერებისათვის, აგრეთვე ყველა იმისთვის, ვისაც სჯერა ამ იდეის მნიშვნელობის და
აქვს სურვილი იყოს მისი განხორციელების თანამონაწილე, საჭირო გახდა მომზადდეს
მცირე ფორმის განმარტებითი სახელმძღვანელო ,,მარტივ სამთო ბილიკებზე მოსწავლე ახალგაზრდობის
გამყოლისათვის“.
ვინაიდან მთის ბილიკებზე ლაშქრობა იწყება ერთდღიანი ყველაზე მარტივი
და ყველაზე უსაფრთხო ბილიკებზე სიარულით, ხოლო დროთა განმავლობაში მოლაშქრეებს,
როგორც წესი, უჩნდებათ სურვილი მთაში გავიდნენ ღამისთევით და მისასვლელად უფრო საინტერესო
მარშრუტი აირჩიონ, ამიტომ გვსურს გაითვალისწინოთ, რომ ამ სახელმძღვანელოში
შეხვდებით იმ განმარტებებსაც, რომლებიც გამოადგებათ გამყოლებს – იგივე ჯგუფის
ხელმძღვანელებს ორდღიანი მარშრუტებისა და მრავალდღიანი საკარვე ბანაკების მოწყობის
დროსაც.
იმედია სახელმძღვანელო ხელს შეუწყობს საჯარო სკოლების, პროფესიული და
უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლებს, თანამოაზრეებს, მოსწავლე ახალგაზრდობას საქართველოს
განათლების სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყონ მასობრივად საკუთარი ძალებით სამთო
ბილიკებით ქვეყნის ულამაზესი ბუნებისა და კულტურის ძეგლების გაცნობა - შემოვლა,
რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ყველაზე ბუნებრივი და ყველასათვის ხელმისაწვდომი
საშუალებაა.
პროგრამის განხორციელება ნამდვილად იქნება პირველი წინ გადადგმული,
ისტორიული ნაბიჯი საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდებში სამთო-საფეხმავლო ტურიზმის
მასობრივი განვითარების ხელშეწყობის საქმეში, რაც შემდგომში გადაიზრდება მოიცავს მთელი
ქვეყნის მოსახლეობას და ისე, როგორც ევროპის ყველა მთიან ქვეყანაში, გახდება ქვეყნის
მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი.
სამთო-საფეხმავლო
შიდა (ადგილობრივი) ტურიზმი
სამთო ტურიზმი, მით უმეტეს სამთო-საფეხმავლო ტურიზმი ხელმისაწვდომია პრაქტიკულად
ყველა ასაკისა და სოციალური ფენის წარმომადგენლებისათვის. ბოლო წლებში მთის
მონახულება მილიონობით ადამიანმა მოისურვა. XX საუკუნის მეორე ნახევრიდან სამთო ტურისტთა რიცხვი ასტრონომიულად
გაიზარდა. ამჟამად ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მთაში დასვენებას ანიჭებს
უპირატესობას.
თანამედროვე ადამიანი გაურბის სამრეწველო ცენტრებსა თუ დიდი ქალაქების
თავბრუდამხვევ ტემპს და ეძებს ისეთ გარემოს, სადაც გათავისუფლდება ცხოვრებისეული
პრობლემებისაგან და მშვიდად აღიდგენს ყოველდღიურ შრომაში დახარჯულ ენერგიას.
სწორედ ამ მიზნით მიაშურა ადამიანმა იმ ლამაზ გარემოს, რასაც მთა ჰქვია. მთაში
ადამიანი სულ სხვა განზომილებაში, სხვა სამყაროში გადადის. ამას უამრავი ფაქტორი
უწყობს ხელს - თვალისმომჭრელი სილამაზე სასიამოვნო განწყობილებას უქმნის ადამიანს,
ითრგუნება ბარიდან გამოყოლილი უარყოფითი მუხტი. თანამედროვე ადამიანი, რომელიც
მუდმივად პრაგმატიზმის მარწუხებშია მოქცეული, კეთილი და მოღიმარი ხდება. მთაში
ყოფნით გამოწვეული სიხარული ამაღლებს და აკეთილშობილებს მას, მთა არა მარტო
ფიზიკურად, სულიერადაც ალამაზებს და აკაჟებს ნებისმიერ ადამიანს.
თანამედროვე სამთო ტურიზმი თავისი შინაარსით მრავალფეროვანია და მას
დიდი შემეცნებითი დატვირთვა აქვს: ერთს კულტურული მემკვიდრეობა იზიდავს, მეორეს –
ბუნების ძეგლები, ზოგს – მშვიდი სამეურნეო საქმიანობა, ზოგს – ფათერაკები, ყველას
ერთად კი – ლამაზი, მკაცრი, ხელუხლებელი, თვითმყოფადი მთის ბუნების ხილვა სურს,
ამიტომ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სამთო-საფეხმავლო ტურიზმი, რომლის
მიმდევარი მილიონობით ადამიანი ზამთარ-ზაფხულ დადის მთაში.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მოსახლეობა, სამწუხაროდ, სხვადასხვა
მიზეზის გამო შიდა, ე.წ. ადგილობრივ სამთო ტურიზმს პრაქტიკულად არ მისდევს, მაგრამ
გარდაუვალია, რომ სულ ახლო წლებში ულამაზეს მთებზე და მის შემოგარენში სიარული მეტად
პოპულარული გახდება, მით უმეტეს, მომავალი თაობისთვის.
ამჟამად, როცა ტურიზმის განვითარება სახელმწიფო პოლიტიკის რანგში
განიხილება და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტულ
მიმართულებადაა მიჩნეული, საქართველოში სამთო ტურიზმით ახალგაზრდების გატაცების
მოლოდინი საკმაოდ რეალური და დიდია.
რასაკვირველია, ყოველივე ამას ახლავე და საფუძვლიანად უნდა ჩაეყაროს
საძირკველი, რათა აღორძინდეს გიორგი ნიკოლაძის მიერ დაარსებული „შევარდენის“ შესანიშნავი
დევიზი – „სამშობლო რომ გიყვარდეს, საფუძვლიანად უნდა იცნობდე მას“.
როცა საქართველოში სამთო ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე
ვსაუბრობთ, ისიც უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი მთიანეთი,
განსაკუთრებით მრავალფეროვანი ბუნებით და ეთნოგრაფიული მოზაიკით გამოირჩევა.
სწორედ აქ მცხოვრებ განსხვავებულ ეთნიკურ თავისებურებათა მატარებელ ადამიანთა
ერთობლიობა ქმნის მთიანი კუთხეების განუმეორებელ მომხიბვლელობასა და სილამაზეს.
იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მრავალფეროვნება, მეურნეობის ტრადიციული წესები,
უჩვეულოდ ლამაზი კილოკავი, მისტიფიკაციის ხარისხში აყვანილი რელიგიური რიტუალები,
ურთიერთდამოკიდებულება, სიმღერა, ცეკვა, ჩაცმულობა და საერთოდ ყველაფერი, რასაც
ეთნოკულტურული მემკვიდრეობა ჰქვია, უპირველეს ყოვლისა, უნდა შევეცადოთ და შევაჩეროთ
გაბატონებული და მოძალებული მიგრაციული პროცესები. თუ მთა დაცარიელდა, ცხადია,
ყოველივე ეს დაიღუპება და ამ უჩვეულო მრავალფეროვნებიდან, რაც ჩვენი ერის უდიდესი
სიმდიდრეა, აღარაფერი დაგვრჩება.
გლობალიზაციის პროცესმა, სოციალურმა თუ სხვა პირობებმა, რომლებშიც
ჩვენდა უნებურად ვართ ჩართული, განაპირობა ადამიანის ბუნებისგან გაუცხოება.
ტელევიზორმა, კომპიუტერმა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებმა ღრმად ჩაიყოლა
ჩვენი ახალგაზრდობა. მოზღვავებული ინფორმაციის ფონზე, თანდათანობით უფერულდება
ისეთი კატეგორიები, როგორიცაა სამშობლო, მისი ისტორია, კულტურა და სხვ.
სამწუხაროდ, ახალგაზრდობის უმრავლესობისათვის, მაგალითად, თბილისში მცხოვრებლებისათვის
– სამშობლო მხოლოდ რამდენიმე ქალაქისა და აგარაკის ნახვით შემოიფარგლება. სწორედ
ამიტომ გახდა დღეს აუცილებელი და საჭირო მომავალ თაობას შორის სამთო-საფეხმავლო
ტურიზმის მასობრივი განვითარება, როგორც ახალგაზრდობის ფიზიკური,
მორალურ-ესთეტიკური და პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის საუკეთესო საშუალება –
ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
სამთო-საფეხმავლო
მარტივი მარშრუტის დახასიათება
თუ განვიხილავთ ბუნებაში – მთაში მარტივი ბილიკებით სიარულს, როგორც
ხიფათის შემცველს, ეს ნამდვილად არ იქნება სწორი მიდგომა, ვინაიდან ნებისმიერმა
ადამიანმა შეიძლება ქვაფენილზეც მიიღოს ტრავმა – ფეხი დაუცდეს, წაიბორძიკოს,
დაისიცხოს და სხვ. ასევე კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ ე.წ. „სათბურის“
პირობებში გაზრდილი ახალგაზრდა ბევრად ნაკლებად არის დაზღვეული ნებისმიერი
ხიფათისაგან.
სამთო-საფეხმავლო ტურისტულ მარშრუტსა და ალპინისტურ მარშრუტს (იგულისხმება
თოვლ-ყინულიან, კლდოვან, მაღალ მწვერვალზე ასვლა) შორის ძირითადი განსხვავება ის
არის, რომ ჯგუფს ტურისტულ მარშრუტზე პრაქტიკულად არ უნდა შეხვდეს არც ერთი
ტექნიკურად რთული გასავლელი მარშრუტი, სადაც საჭიროა სპეციალური სამთო საჭურვლის
გამოყენება (წერაყინი, თოკი, წრიაპი, პალო და სხვ.), და თუ ჯგუფს ასეთი
წინააღმდეგობა შეხვდა, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს მარშრუტიდან.
მარტივ, ყოველმხრივ მარტივ, უსაფრთხო სამთო ბილიკზე მოსწავლე ახალგაზრდობის
მასობრივი ლაშქრობისათვის ორგანიზაციული და ტექნიკური საკითხების გადაწყვეტას დღეს
ძირითადად სჭირდება განათლების დაწესებულების ხელმძღვანელის გააზრება, რომ მარტივ
უსაფრთხო ბილიკებზე მსოფლიოში მილიონობით ადამიანი დადის, ეს იქნება ბავშვი,
მოზარდი, ახალგაზრდა, ზრდასრული თუ ხანში შესული, ვინაიდან ეს ყველასათვის
უსაფრთხოა, ხელმისაწვდომია და მეტად სასარგებლოა, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი
გაჯანსაღებისათვის, მონდომება, ნება, ლაშქრობის უფლების გაცემა, შესაბამისი
ხელმძღვანელის დანიშვნა და ე.წ. „გამყოლების (ვისაც წაკითხული აქვს წინამდებარე
სახელმძღვანელო) თანამგზავრობა“.
ადგილობრივი სამთო გამყოლები სასურველია გამოირჩეოდნენ მომავალი
თაობის განსაკუთრებული სიყვარულით, შეეძლოთ მათთან კომუნიკაცია, იყვნენ
მობილიზებული, ყურადღებიანი, შეეძლოთ საინტერესო მოყოლა ბუნების, კულტურის ძეგლების, ისტორიის შესახებ,
ასევე შეეძლოთ საჭიროების შემთხვევაში გონივრული გადაწყვეტილებების მიღება და ლაშქრობის
დროს პასუხისმგებლობის აღება ახალგაზრდა თაობის ყოფაზე, ქცევაზე და სხვ.
გამყოლებისათვის სხვა განსაკუთრებული და სპეციალური ცოდნა ასეთ
მარტივ, უსაფრთხო მარშრუტზე აუცილებელი არ არის.
სამთო ტურისტული მარტივი საფეხმავლო (ქვეითი) მარშრუტის ზუსტი
დიფერენცირება საკმაოდ ძნელია, ვინაიდან შესაძლებელია ერთი და იგივე მარშრუტი ერთს
რთულად მოეჩვენოს, მეორეს – მარტივად.
მიუხედავად ამისა, ჩვენ შევეცდებით ჩამოვაყალიბოთ ის ზოგადი
მახასიათებლები, რომლებიც დაგეხმარებათ სამთო ტურისტული მარშრუტის სირთულის
განსაზღვრაში.
საფეხმავლო მარშრუტის სირთულე ისაზღვრება მისი საშუალო სიმაღლის,
მარშრუტის სხვადასხვა მონაკვეთს შორის დონეთა სხვაობის, მარშრუტზე არსებული ძნელი
მონაკვეთების, მარშრუტის სიგრძის, მისი გავლის პერიოდის, ხანგრძლივობის, კლიმატის
გათვალისწინებით და სხვ.
ქვემოთ მოგვყავს მარტივი,
უსაფრთხო მარშრუტის მახასიათებლები, რაც ამ საკითხზე ზოგად წარმოდგენას
შეგიქმნით:
-
ვინაიდან საქართველოს
უმეტესი ტერიტორია მთაგორიანია, სამთო-საფეხმავლო მარტივი მარშრუტი შეიძლება იყოს
ნებისმიერი მარშრუტი, რომლის სიმაღლეთა სხვაობა დასაწყისიდან (ძირიდან) ბუნების ან
კულტურის ძეგლამდე მერყეობს 200–500 მეტრის (ან მეტის) ფარგლებში (თბილისიდან ფუნიკულიორის
პლატო, უძო, კარსანი – არმაზის ციხე, ზედაზენი, ქუთაისიდან სათაფლიის მთა, გოდორას
მთა, ხვამლი, სტეფანწმინდიდან გერგეტის სამება, თელავთან „ცივი“ მთა და ბევრი სხვა,
რომელიც საქართველოს თითქმის ყველა ქალაქთან, დაბასთან და სოფელთან ახლოს
მდებარეობს);
-
მარშრუტის უმეტესი
ნაწილი ბილიკებითაა დასერილი;
-
მონაწილეებს არავითარი
საფრთხე არ ემუქრებათ რელიეფის მხრიდან;
-
მარშრუტზე არ არის
ჩასავარდნი და გადასავარდნი ადგილები. მარშრუტზე გამორიცხულია ზვავი და
ქვათაცვენა;
-
მარშრუტზე არ არის
საჭირო ღრმა ან ჩქარი მდინარის გადალახვა;
-
მარშრუტზე არ გვხვდება
არც ერთი ისეთი ადგილი, სადაც საჭირო იქნება მონაწილეების თოკში ჩაბმა;
-
მარშრუტის გავლა
შეუფერხებლად და თავისუფლად შეუძლია ბავშვებისა და ხანდაზმული მონაწილეების
ჯგუფებს;
-
მარშრუტიდან
შეუფერხებლად შეიძლება ავადმყოფის ჩამოყვანა-ტრანსპორტირება;
-
თუ მარშრუტი
ორდღიანია, გზადაგზა გვხვდება შესვენების ან ღამისთევის კარგი, უსაფრთხო ადგილები
და ა. შ.
ვინაიდან აღნიშნული დახასიათების შესაბამისი მარშრუტების რაოდენობა
საქართველოში უთვალავია, მაგრამ „ოფიციალური აღწერილობის“ (იხ. ) მქონე ამდაგვარი
მარშრუტები სამწუხაროდ ორასს არ აღემატება (უფრო ხშირად მათზე სიმარტივის გამო
აღწერილობის შედგენას საჭიროდ არ მიიჩნევენ), ამიტომ მეტად საშვილიშვილო საქმე
იქნება, თუ ამ შემთხვევაში ნებისმიერი ადგილობრივი მოსახლე, ეს იქნება სკოლის, ან
სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების, მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, მოსწავლე-ახალგაზრდის
მშობელი, მანდატორი თუ სხვა, თავისი ადგილმდებარეობის ირგვლივ, ერთობლივად
გაივლიან არსებულ მარტივ, უსაფრთხო მარშრუტებსა და მისცემენ ახალგაზრდობას და
ყველა მსურველს ამ მარშრუტის გასავლელად რეკომენდაციას – რჩევას, ხოლო დამატებით
საუკეთესო შემთხვევაში მარშრუტს აღწერენ არსებული წესის (იხ. გვ. 26) შესაბამისად.
ავტოტრანსპორტით
მგზავრობა
იმ შემთხვევაში, როდესაც ქალაქიდან ან სხვა დასახლების ადგილიდან
ბუნებისა თუ კულტურის ძეგლამდე მოლაშქრეთა მისვლას დასჭირდება ავტომანქანით
მგზავრობა, სასურველია გამყოლმა რამდენიმე რჩევა გაითვალისწინოს:
-
ავტოტრანსპორტით
მომსახურებას, მონაწილეების მგზავრობასა და უსაფრთხოებას, მით უმეტეს მთაში,
განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამიტომ სასურველია, სასწავლო დაწესებულებამ ან
გამყოლებმა წინასწარ გააფრთხილონ ავტომანქანების გამქირავებელი ორგანიზაციები ან
მესაკუთრეები, რათა მათ აუცილებლად დაიცვან მომსახურების სავალდებულო პირობები,
რასაც გამყოლმა მგზავრობის მთელ პერიოდში უნდა მიაქციოს ყურადღება;
-
მძღოლი უნდა მივიდეს
დანიშნულების ადგილას რამდენიმე წუთით ადრე, მოწესრიგებული და დასვენებული;
-
მანქანა უნდა იყოს
ტექნიკურად გამართული, დასუფთავებული, უზრუნველყოფილი სათადარიგო საბურავით,
საჭირო ინსტრუმენტებითა და საწვავით;
-
სასურველია მძღოლი დაეხმაროს
მონაწილეებს მანქანაში ბარგის კომპაქტურ განთავსებაში;
-
მძღოლმა არავითარ
შემთხვევაში და არსად არ უნდა გადააჭარბოს სიჩქარეს (ცუდი გზის პირობებში 10–15 კმ
სიჩქარეც შეიძლება გადაჭარბებულად ჩაითვალოს);
-
მძღოლმა არ უნდა დაუშვას
მონაწილეებთან ერთად სხვა უცხო პირების დამგზავრება;
-
არ არის რეკომენდებული
მძღოლის მიერ გზაში სიგარეტის მოწევა, მობილური ტელეფონით ან მგზავრებთან გამუდმებული
ლაპარაკი და სხვ.;
-
სასურველია რადიომიმღებისა
და მუსიკის ჩართვა-გამორთვა შეათანხმოს მგზავრებთან და ძალიან არ უნდა ხმაურობდეს;
-
მგზავრების მოთხოვნის
შესაბამისად, მძღოლმა უნდა გააჩეროს მანქანა (უსაფრთხო ადგილას), რის გამოც არ უნდა
გამოხატოს უკმაყოფილება;
-
თუ გზაზე მანქანას
დახვდა ბუნების სხვადასხვა წინაღობა – წვიმის შედეგად ჩამოტანილი ქვა-ღორღი, დიდი
ტალახი ან სხვა, სჯობს მძღოლმა მგზავრების ან სხვათა დახმარებით გაწმინდოს ეს
მონაკვეთი და არ შეეცადოს მანქანით მის გადალახვას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს
მანქანის დაზიანება და ახალი პრობლემის შექმნა;
-
მძღოლი მგზავრობის
დროს არ უნდა შეეჭიდოს კოკისპირულ წვიმას, ინტენსიურ თოვას, გაუვალ ნისლს და
ბუნების სხვა ჭირვეულობას, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მონაწილეებს. ამ
შემთხვევაში რეკომენდებულია უსაფრთხო ადგილას მანქანის დროებით გაჩერება და მოცდა;
-
გზის საშიშ
მონაკვეთებზე აუცილებელია მგზავრების მანქანიდან ჩამოსვლა და დაბრკოლების ადგილის
ფეხით გავლა;
-
მძღოლი უნდა შეეცადოს,
რომ მონაწილეებს არ მოუწიოთ ღამით მგზავრობა;
-
გამყოლმა და მძღოლმა
მონაწილეების მანქანიდან ჩამოსვლისთანავე უნდა შეამოწმონ მანქანის სალონი და
დარჩენილი ნივთი დროულად დაუბრუნონ პატრონს;
-
მგზავრობის დროს
მძღოლი თავისი მოქმედებით არ უნდა იქცევდეს ყურადღებას, არ ახდენდეს თავისი
ოსტატობის აფიშირებას და სხვ.
სამთო ტურიზმი,
ეკოლოგია და ბუნების დაცვა
დღეს, როდესაც მსოფლიო საზოგადოება დაღლილია დიდი ქალაქებისა და
აგლომერაციების ერთფეროვანი, დახუთული გარემოთი და ცხოვრების თავბრუდამხვევი
ტემპით, მეტად ფასეული გახდა გასვლა ხელუხლებელ მთაში.
საქართველოს მთები, მწვერვალები, უღელტეხილები, მყინვარები,
მდინარეები, ჩანჩქერები ახლო მომავალში სულ უფრო და უფრო მოიზიდავს როგორც ჩვენს, ისე
უცხოელ სამთო ტურისტებს, მოგზაურობისა და აქტიური დასვენების მოყვარულთა
ხალხმრავალ ნაკადს.
ამიტომ, თუ გვსურს შევინარჩუნოთ ჩვენი ბუნება და მისი ნახვის
მსურველთა ლტოლვა, პირველ რიგში, აუცილებელია ჩვენი თვალით დავინახოთ, აღვიქვათ და
დავაფასოთ მისი განსაკუთრებულობა, სიმდიდრე და ყველა ჩვენგანმა დავიცვათ მთის
ბუნება, ეკოლოგიური უსაფრთხოება.
ბოლო წლებში სამეცნიერო ლიტერატურაში დიდი ყურადღება დაეთმო ტერმინს
„ეკოტურიზმი“. ეკოტურიზმის კონცეფციის აღმოცენება, პირველ რიგში, გამოიწვია
ბუნებრივი გარემოს მიმართ ინტერესის ზრდამ და იმის გაცნობიერებამ, თუ რამდენად
მნიშვნელოვანია ბუნებრივი გარემოს დაცვა და მისი შენარჩუნება. განსაკუთრებით
იგრძნობა ამ საკითხის მნიშვნელობა იმ შემაშფოთებელ ფონზე, როდესაც ბუნებაზე
ადამიანის ზემოქმედებამ უკვე საშიშ დონეს მიაღწია და გადაგვარებას უქადის ბუნების
მიერ ნაბოძებ კლიმატურ რესურსებს. ამის გამო თანდათან ირღვევა გარემოსთან შეგუების
ეკოლოგიური წონასწორობა, რაც მისი მზარდი დაბინძურებითაა გამოწვეული.
გლობალური დათბობის შედეგად მოსალოდნელი ეკოკატასტროფის საშიშროებამ
ნათლად დაანახა მთელ კაცობრიობას, თუ რამდენად სავალალოა ეკოლოგიური საკითხების
უგულებელყოფა. ნებისმიერი ასეთი საკითხი, ზოგადი თუ კონკრეტული, ფართომასშტაბიანი
თუ ადგილობრივი ხასიათის, უდიდეს მნიშვნელობას იძენს ჩვენს დროში, როდესაც
კაცობრიობა უკვე ყოველდღიურად იმკის ბუნებაზე გაუაზრებელი ზემოქმედების შედეგებს.
ამიტომ საჭიროა და აუცილებელი, რომ არა მარტო სახელმწიფო, არამედ ლოკალურ დონეზეც მოხდეს
ეკოლოგიური წესების გააზრება და შესაბამისი მოქმედება. განსაკუთრებით საყურადღებოა
ეს საკითხი ტურიზმის მზარდი განვითარების პირობებში, როდესაც მომავალი თაობის ეკოლოგიური
ცოდნა სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამიტომ გახდა ეკოლოგიური ტურიზმის
საკითხები მეტად შესწავლისა და ცხოვრებაში მისი ფართოდ დანერგვის საგანი.
დასვენება ბუნების წიაღში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა,
განსაკუთრებით მის მაღალმთიან ნაწილში,
რომელიც ცნობილია თავისი უმდიდრესი ბუნებრივი და კულტურული რეკრეაციული
რესურსებით. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც ბუნების წიაღში დასვენებისა
და ტურიზმის პროცესი არაორგანიზებულად, დაუგეგმავად და ბუნების დაუზოგავად
მიმდინარეობს. მაღალ მთაში დაზიანებული ბალახის, ყვავილის ან ბუჩქის აღდგენას
რამდენიმე წელი სჭირდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძვირფასი და უნიკალური
ლანდშაფტების დეგრადაცია და განადგურებაც კი. ამიტომ ტერიტორიული რესურსების
გამოყენება ტურისტული მიზნებისათვის უნდა იყოს რაციონალური, კარგად ორგანიზებული
და აუცილებლად ემყარებოდეს მდგრადი განვითარების პრინციპებს, რაშიც ყოველი
ჩვენგანი უნდა ჩაერთოს.
ამ შემთხვევაში მდგრადი განვითარების განსაზღვრა შემდეგნაირად
შეიძლება: ეს არის ისეთი პროცესი, რომელიც საშუალებას აძლევს დღევანდელ თაობებს
ისე განვითარდნენ, იმდენად და ისე მოიხმარონ გარემო, რომ მომავალ თაობებსაც დარჩეთ
ამის საშუალება. სწორედ მდგრადი განვითარების პრინციპების საფუძველზე წარმოიშვა
ისეთი დარგი, როგორიცაა მდგრადი ტურიზმი. მდგრადი ტურიზმის იდეა და მისი
განვითარება საშუალებას აძლევს თანამედროვეებს ხელშეუხებლად შეუნარჩუნონ მომავალ
თაობებს ბუნებრივი გარემო.
ადგილობრივი მოსახლეობის აუცილებელი ჩართვა ტურიზმის განვითარებაში
ხელს უწყობს არაერთ ქვეყანას დაძლიოს სიღარიბე და ამასთანავე შეინარჩუნოს
ბუნებრივი გარემო და კულტურული მემკვიდრეობა.
სამთო ტურიზმის ორგანიზატორებმა, ასევე გამყოლებმა და მონაწილეებმა
ისე უნდა დაგეგმონ მთაში ყოველი გასვლა, რომ მიმზიდველი ლანდშაფტების
დათვალიერების გარდა, მათ მინიმალურად მაინც
შეუწყონ ხელი ბუნებრივი ობიექტების – ძეგლების დაცვას, შენარჩუნებასა და
მათი სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესებას.
მაშ ასე, ყოველი ჩვენგანის ვალია, გავუფრთხილდეთ სანუკვარ ბუნებას
ყოველგვარი დაზიანებისაგან.
მთის
ზემოქმედება ადამიანზე
მთაში ლაშქრობის დროს მთის კლიმატისა და რელიეფის
თავისებურება, საყოფაცხოვრებო პირობების სპეციფიკა და ფიზიკური დატვირთვების
ცვალებადობა საკმაო გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ
პროცესებზე. ამიტომ, მთაში მოლაშქრის მიერ მარშრუტის სწორად გათვლისათვის საჭიროა რამდენიმე
ფაქტორის გათვალისწინება, მით უმეტეს ბარიდან ასული ადამიანისთვის.
ჟანგბადის პარციალური წნევის კლება.
როგორც ცნობილია, ზღვის დონიდან სიმაღლის მატებასთან ერთად, ჰაერის ბარომეტრული
წნევა მცირდება. ამასთანავე კლებულობს ჟანგბადის პარციალური წნევაც, რაც სისხლში
ჰემოგლობინის მიწოდებას ამცირებს.
ადამიანის ორგანიზმისათვის ჟანგბადის არასაკმარისი
რაოდენობით მიწოდება, ე.წ. „ჟანგბადის შიმშილს“ ანუ „მთის ავადმყოფობას“ იწვევს.
ჟანგბადის შიმშილის შემდგომი გაძლიერება ორგანიზმში მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური
ფუნქციების ცვლილებას იწვევს – ირღვევა ნერვული სისტემის ნორმალური მოქმედება, ნივთიერებათა
ცვლა, კუჭ-ნაწლავის აპარატის, თირკმელებისა და სხვა ორგანოების მოქმედება.
ამასთანავე, მკვეთრად კლებულობს შრომისუნარიანობა, რომელიც სხვადასხვა ადამიანს
(დაახლოებით 1700 მეტრის სიმაღლიდან ზევით) სხვადასხვა სიმაღლეზე ეწყება.
მზის რადიაცია მთაში საკმაოდ ინტენსიურია
და ადამიანის ორგანიზმზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენს, განსაკუთრებით მზის სპექტრის
ულტრაიისფერი სხივები. სხივური ენერგიის ზემოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს სხეულის
საერთო გადახურება, სითბური დარტყმა (მზის დარტყმა), ასევე თვალებისა და კანის
დამწვრობა. განსაკუთრებით ინტენსიურია მზის რადიაცია უღრუბლო ამინდში, მით უმეტეს
თოვლით დაფარულ ველებზე. მზით კანისა და განსაკუთრებით თვალების „დაწვის“
საშიშროება წარმოიქმნება ასევე ნისლიანობის დროსაც, რაც ჰაერში არსებულ წყლის
წვეთებზე მზის სხივების არეკვლითა და გაბნევით არის გამოწვეული.
ადამიანის უნარი, დაუპირისპირდეს შედარებით მაღალმთიანეთის კლიმატის
ზეგავლენას ფიზიკური დატვირთვის პირობებში, საკმაოდ არის დამოკიდებული მისი
წინასწარი ფიზიკური მომზადების დონეზე, მთაში სიარულის უნარ-ჩვევების ათვისებასა
და თანამიმდევრულ აკლიმატიზაციაზე.
ჰავა და ამინდი მთაში
საქართველო ზომიერი და სუბტროპიკული სარტყელების საზღვარზე
მდებარეობს, რაც საუცხოო კლიმატურ პირობებს ქმნის როგორც სამეურნეო, ისე სპორტული საქმიანობისათვის.
მაგრამ მთას თავისი სპეციფიკა აქვს და გამყოლისათვის მთიანი რეგიონის ჰავისა და ამინდის
თავისებურებათა ცოდნა მეტად სასურველია.
სამთო მარშრუტის წარმატებულად და უსაფრთხოდ დაძლევა ბევრად არის
დამოკიდებული ამინდზე, რომელიც მთაში ხშირად ცვალებადია, და შეიძლება უსიამოვნება
მოუტანოს მონაწილეებს.
როგორც ცნობილია, ჰაერის ტემპერატურა ზღვის დონიდან სიმაღლის მატების
შესაბამისად იკლებს. კავკასიონის რეგიონისათვის ტემპერატურის შემცირება ყოველ
კილომეტრ სიმაღლეზე 6–70C აღწევს. ასე რომ, თუ მარშრუტის დასაწყისში, მაგალითად, ზღვის დონიდან
1000 მეტრზე ტემპერატურა 200C-ია, მარშრუტის უმაღლეს წერტილში, ვთქვათ, 2000 მ-ზე, იმავე დროს უნდა
ველოდოთ 13–140C ტემპერატურას.
უღრუბლო ამინდში მთის ჰავა მკვეთრი ტემპერატურული ცვლილებებით
ხასიათდება, თბილ დღეს ცივი ღამე ენაცვლება.
მთიან ტერიტორიებს ახასიათებს ჰაერის მასების ინტენსიური
გადაადგილება, რაც ქარის სახით ვლინდება. მთისწინეთში, როგორც წესი, გაბატონებულია
დღისით – დაბლობის, ხოლო ღამით – მთის ქარები.
მაღალ მთაში ატმოსფერო საგრძნობლად მშრალი, სუფთა და გამჭვირვალეა.
ამის გამო მზე განსაკუთრებულად კაშკაშაა და მწვავედ „იკბინება“. ამავე დროს მზის
გამოსხივების სპექტრში მატულობს ულტრაიისფერი სხივების წილი, რაც შეიძლება კანისა
და თვალების სერიოზული დამწვრობის მიზეზი გახდეს.
ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად დადგენილია ამინდის ცვლილების
თანმხლები მოვლენები, რომელთა დახმარებით შეიძლება მთაში ამინდის მიახლოებითი პროგნოზირება.
კერძოდ, ამინდის ცვლილების შესახებ ბევრ მინიშნებას ღრუბლების ფორმა გვაუწყებს. თუ
ცა გათეთრებას იწყებს და საბურველით იფარება (გადაციებული ჰაერიდან გამოყოფილი
წყლის შედეგად) ეს მძიმე ღრუბლიანობის მომასწავებელია. მზისა და მთვარის გარშემო
ფერად-ფერადი რგოლები აცივების შესახებ გვაფრთხილებს.
ბუმბულისმაგვარი ღრუბლები, რომლებიც დასავლეთიდან მოედინება, ცუდი
ამინდის მომასწავებელია. ერთად შეჯგუფებული ღრუბლები, რომელთა ქვემო ნაწილები ნელა
იშლება, კარგ, მდგრად ამინდზე მიგვანიშნებენ.
ხეობიდან ამომავალი ნისლი ნალექის მაუწყებელია, სისხამ დილით დიდი
რაოდენობით ნამი კი, კარგი ამინდის ნიშანია, ხოლო დილის ჩახუთულობა ჭექა-ქუხილის
მოახლოებას მოასწავებს.
ატმოსფერული წნევის ცვალებადობის მიხედვით, ასევე შესაძლებელია
განისაზღვროს მოსალოდნელი ამინდი. წნევის მკვეთრი მომატება ამინდის მოკლე დროით
გაუმჯობესებაზე მიუთითებს. დღის განმავლობაში წნევის ნელ-ნელა აწევ-დაწევა ხშირ
შემთხვევაში შესაბამისად კარგი ან ცუდი, მაგრამ მდგრადი ამინდის წინაპირობაა. თუ
ბარომეტრი ხტუნვით ადის ან ეცემა, მოსალოდნელია ამინდის ცვლილება. წნევის სწრაფი ვარდნის
დროს ძლიერი ქარია მოსალოდნელი და სხვ.
მაღალ მთაში ამინდი მეტად მაცდურია – კაშკაშა მზიან ამინდშიც კი, უნდა
ვიყოთ მზად წვიმისათვის. ამიტომ ლაშქრობის დაწყებამდე და ლაშქრობის დროსაც
აუცილებელია ამინდის პროგნოზის ზედმიწევნით ცოდნა, შესაბამისი მომზადება და ზომების
მიღება.
მთის კლიმატურ
პირობებთან დაკავშირებული საფრთხეები
მთის რელიეფთან დაკავშირებული საფრთხეები ბევრადაა
დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე, კერძოდ, ამინდზე.
ნისლიანობა მთისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. იგი აფერხებს
და საშიშს ხდის მთაში მოძრაობას, განსაკუთრებით, მარშრუტის რთულ უბანზე. ნისლში
მცირდება მანძილის, სიმაღლის, სივრცეში ორიენტაციისა და რელიეფის ობიექტურად
აღქმის უნარი. ნისლი აფერხებს მოლაშქრეთა შორის მხედველობით და სმენით კავშირს,
ანელებს მოძრაობას, იგი დამღლელი და დამთრგუნველია ლაშქრობის მონაწილეთათვის.
ამ დროს გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ნისლიანობას შედარებით
დიდი მთის ირგვლივ წარმოქმნილი ღრუბლები განაპირობებს და მას ლოკალურობა
ახასიათებს. მთაში ნისლი, უფრო ხშირად, სწრაფად ჩამოწვება და ასევე სწრაფად
გაიფანტება-ხოლმე ქარის სიძლიერისა და მიმართულების მიხედვით. ამიტომ ნისლის
ჩამოწოლამ არ უნდა გამოიწვიოს ჯგუფში უხასიათობა და დაძაბულობა. ამ დროს უბრალოდ
საჭიროა გადაადგილების დროს მიიღოთ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები. თუ ნისლი
ძალიან მკვრივია, უმჯობესია შეწყვიტოთ მოძრაობა და მის გაფანტვას დაელოდოთ.
მარშრუტზე ღამით მოძრაობას ანალოგიური სირთულეები
ახლავს. დღისით არსებული რისკი დაბინდებისთანავე ერთი-ორად იზრდება. ამიტომ ღამე
მოძრაობა შეიძლება მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა ეს განსაკუთრებული აუცილებლობით
არის გამოწვეული.
ატმოსფერულ ნალექებს
რადიკალურად შეუძლია შეცვალოს მარშრუტზე მოძრაობის სავარაუდო გრაფიკი. როგორც
წესი, ჰიფსომეტრიული სიმაღლე განსაზღვრავს
ნალექის ხასიათს - როცა ბარში წვიმს, მთაში სველი ხოშკაკალა მოდის, მაღალ მთაში –
თოვლი. წვიმიდან თოვლზე გადასვლის საზღვარი ცვალებადია და დამოკიდებულია წელიწადის
დროზე, გეოგრაფიულ განედზე და მიკროკლიმატზე.
თოვლისა და წვიმის დროს საგრძნობლად მცირდება
ორიენტაციის უნარი. ნალექი საკმაო ზეგავლენას ახდენს მონაწილეებზე. ამიტომ ძლიერი
წვიმის დროს სასურველია გაჩერდეთ უსაფრთხო ადგილას, გადაიფაროთ ლაბადა და დაელოდოთ
გამოდარებას.
ჭექა-ქუხილი
მთაში ნალექიანობის თანამდევი მოვლენაა. ძალიან ცუდია, თუ უამინდობა და
ჭექა-ქუხილი სიმაღლეზე ან უღელტეხილზე დაგატყდებათ თავს. ამ დროს ატმოსფეროს ზედა
ფენები ელექტრული მუხტით არის გაჯერებული და შეიძლება განიმუხტოს ელვისა და ზოგჯერ
მეხის სახით. ატმოსფეროს ასეთ დაელექტროებულ მდგომარეობას სპეციფიკური სიმპტომები
ახლავს: ცხვირის წვერზე და ყურის ბიბილოებზე ჩხვლეტის შეგრძნება გვიჩნდება; თმები
აიქოჩრება და დავარცხნის დროს ნაპერწკლებს ყრის; საჭურვლის ლითონის ნაწილები წუილს
იწყებს. ასეთი ნიშნები მეხის დაცემის საშიშროების მაუწყებელია. ამ დროს სასწრაფოდ
უნდა დატოვოთ დამუხტული ზონა, უნდა შეეცადოთ ჩამოხვიდეთ შედარებით დაბალ სიმაღლეზე,
გაეცალოთ მთის თხემს, მოტიტვლებულ ადგილებს, მოშორდეთ წყალსადინარებს. გაჩერებისას
უმალ უნდა გათავისუფლდეთ ლითონის საგნებისაგან – ისინი მაღლა, რამდენიმე მეტრის
დაშორებით უნდა დაალაგოთ. უფრო უსაფრთხოა შვეული კლდიდან რამდენიმე მეტრით
დაცილებული უბანი. არ უნდა შეეფაროთ ნაპრალებსა და თიხით ამოვსებულ ღრმულებს. ასეთ
შემთხვევაში უნდა ეცადოთ დაჯდეთ ღორღზე (არა ბალახზე) მუხლებზე ხელებშემოჭდობილი,
თავდახრილი და ქვეშ დაიფინოთ შედარებით ელექტროგაუმტარი საგნები (ტანსაცმელი,
ზურგჩანთა).
ქარი, განსაკუთრებით
ძლიერი, არასასიამოვნო განწყობას გვიქმნის ყველგან, მაგრამ მთაში, უარყოფით
ემოციასთან ერთად, იგი საშიშროებასაც წარმოადგენს. მთიანი ტერიტორიებისათვის
დამახასიათებელია აღმა-დაღმა, ხშირ შემთხვევაში, დიდი სიჩქარით მქროლავი ქარები.
ძლიერი ქარი ზღუდავს გადაადგილების უნარს, გვაკარგვინებს წონასწორობას, არ არის
გამორიცხული შეუძლებელი გახადოს შემდგომი მოძრაობა.
ასეთ პირობებში მოძრაობა მხოლოდ იმ ფერდობებზე
ხდება შესაძლებელი, რომლებიც ქედითაა დაცული. ქარიან ამინდში სიარულისათვის
სასურველია გაითვალისწინოთ სათანადო ეკიპირება, ქარგაუმტარი ქურთუკი – ანარაკი,
სათვალე და სხვ.
მზე, რომელიც ჩვეულებრივ
ყოველთვის სასურველია, მთაში ხშირად საშიშროებას წარმოადგენს. მზის მაღალი
რადიაცია, მის სპექტრში ულტრაიისფერი სხივების სიჭარბე, ტემპერატურის მკვეთრი
ცვალებადობის პირობებში იწვევს კანის სერიოზულ დამწვრობას, ხელს უწყობს სასუნთქი
გზების ანთებითი პროცესების განვითარებას, რაც ყოველთვის გასათვალისწინებელია და
ამიტომ უნდა იქონიოთ შესაბამისი დამცავი საშუალებები (სათვალე, ქუდი, გრძელსახელოიანი
პერანგი, გრძელტოტიანი შარვალი, დოლბანდის ნიღაბი, საცხი და სხვ.)
ადამიანის
ფაქტორით გამოწვეული საფრთხეები
საშიშროებათა ეს კატეგორია აერთიანებს მოლაშქრეთა მონაწილეების არასათანადო
ტურისტული აღჭურვილობით ან რომელიმე წევრის გაუფრთხილებელი, არასწორი მოქმედებით,
ანუ ადამიანის ფაქტორით გამოწვეულ საფრთხეებს.
ამგვარი საფრთხეების წარმოშობის წინაპირობაა:
ü ჯგუფის დაკომპლექტება ძალიან განსხვავებული ფიზიკური მომზადების მქონე
მონაწილეებით;
ü არასაკმარისი და უხარისხო პირადი და ჯგუფის საერთო აღჭურვილობა;
ü მარშრუტის სირთულისა და მოსალოდნელი საფრთხეების არასწორი შეფასება;
ü საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენა;
ü მთაში მოძრაობის ტექნიკური წესების არცოდნა, უგულებელყოფა და დისციპლინის
დარღვევა;
ü შერჩეული მარშრუტიდან გადახვევა;
ü მარშრუტის ე.წ. „მარტივ“ მონაკვეთებსა და უკანა გზაზე ყურადღების
მოდუნება;
ü დასვენების, კვებისა და ღამისთევის ცუდი ორგანიზება;
ü მონაწილეთა ცუდი აკლიმატიზაცია;
ü მონაწილის ავადმყოფობა.
როგორც ამ ჩამონათვალიდან ჩანს, გამყოლს თავისუფლად შეუძლია ლაშქრობის
მომზადების საწყის ეტაპზე, მონაწილეების ჯგუფთან წინასწარი მუშაობის შედეგად
თავიდან აიცილოს ადამიანის ფაქტორით გამოწვეული ბევრი საფრთხე და ამით
მნიშვნელოვნად შეამციროს მოსალოდნელი რისკები.
მოლაშქრეთა არასაკმარისმა ფიზიკურმა მომზადებამ და მათთვის გამყოლის
მიერ არასწორად შერჩეულმა მარშრუტმა ან საჭურველმა შეიძლება გამოიწვიოს მთლიანად
ჯგუფის, ან მისი რომელიმე წევრის გადაღლა, რაც ხშირად იწვევს მარშრუტზე მოძრაობის
გრაფიკის დარღვევას და, შესაბამისად, ამით გამოწვეულ საფრთხეს.
გამყოლისა და მონაწილეების მიერ მარშრუტზე მოსალოდნელი სიძნელეების წინასწარი
გაცნობიერება და მათი რეალური შეფასება ყოველთვის დაგეხმარებათ მარშრუტის
წარმატებულად გავლაში.
უნდა გახსოვდეთ, რომ მთის რელიეფის თავისებურება და კლიმატური
პირობები ობიექტურად არსებობს და მთლიანობაში ცუდად მომზადებული ჯგუფისათვის გარკვეულ
საფრთხეს ქმნის.
მარშრუტის წარმატებით და უსაფრთხოდ დაძლევის მთავარ დამაბრკოლებელ
ფაქტორს კონკრეტულ მარშრუტზე თითქმის ყოველთვის ჯგუფის მოუმზადებლობა,
უყურადღებობა და გაუფრთხილებლობა წარმოადგენს.
მთაში უსაფრთხო გადაადგილების ზოგიერთი წესი, საკარვე
ბანაკი და საველე პირობებში ცხოვრების ძირითადი საკითხები
გამყოლი პასუხისმგებელია მონაწილეზე მარშრუტის გავლის მთელი პერიოდის
განმავლობაში. ამიტომ მან კარგად უნდა იცოდეს ის მიღებული, ელემენტარული, მაგრამ
მნიშვნელოვანი წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა აუხსნას და გადასცეს ახალბედა
მოლაშქრეს მთაში გასვლის წინ და უშუალოდ მოსთხოვოს მისი შესრულება ბილიკზე
მოძრაობისას.
მარშრუტზე მოძრაობისას ჯგუფის დაქსაქსვა და მონაწილეების მიერ
დისციპლინის დარღვევა დაუშვებელია. მარშრუტიდან (გზიდან) გადასვლა, როგორც წესი,
მხოლოდ გამყოლის ნებართვით უნდა ხდებოდეს.
ჯგუფის მოძრაობის ტემპის შერჩევა მონაწილეთა შესაძლებლობებსა და მათი
ფიზიკური მომზადების დონეს უნდა შეესაბამებოდეს. ჯგუფებმა ძალიან ჩქარა,
ერთმანეთის გასწრების მიზნით არ უნდა იარონ, ყოველთვის დაცული უნდა იყოს სიარულის
თანაბარი რიტმი და ზომიერი ტემპი. მარშრუტის გავლის დროს გზის შემოკლება
უსაფრთხოების უგულებელყოფის ხარჯზე დაუშვებელია. ასევე დაუშვებელია მარშრუტის
ჩქარი ტემპით გავლა მონაწილეთა პირადი ეკიპირების შემსუბუქების ან საბაზო აღჭურვილობისა
და საკვების რაოდენობის შემცირების ხარჯზე. ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ჯგუფმა
გზადაგზა არ დაფანტოს და არ დატოვოს სხვადასხვა ნივთი ან პროდუქტი. აუცილებლად
არის გასათვალისწინებელი ჯგუფის დასვენების, კვების, წყლის მიღების სწორი რეჟიმი.
გაციებისა და სხვა უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით, არ უნდა დავუშვათ ჯგუფის
წევრების ბანაობა მთის მდინარეებში, ტბებში, ასევე ამინდთან შეუფერებელი
ტანისამოსით, ფეხშიშველი სიარული.
როცა ზურგჩანთით დიდი გზა გვაქვს გასავლელი, უნდა შეგვეძლოს ძალების
მობილიზაცია და მათი რაციონალურად ხარჯვა. საერთოდ, მთაში მოძრაობა მშვიდად და
ნელა უნდა დავიწყოთ. ნაბიჯის სიგრძეს ძირითადად რელიეფის დახრილობა განსაზღვრავს.
სწორ რელიეფზე სიარულისას ნაბიჯები შედარებით გრძელია, დახრილზე – მოკლე. სიარულის
დროს, ფეხის მყარად დადგმის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ფეხის ტერფების სრულად
დატვირთვა. იქ, სადაც ბილიკია, ბუნებრივია მასზე უნდა იმოძრაოთ, ხოლო გაუკვალავ
საშუალო დახრილობის ფერდობების გავლა, თუ ამის საშუალება არის, გრძელი სერპანტინით
(ზიგზაგით) სჯობს. თუ მარშრუტის მონაკვეთი ადვილია, განიერია და აბსოლუტურად
უსაფრთხოა, არ არის ყოველთვის აუცილებელი ჯგუფმა მწკრივში იაროს.
დიდი დატვირთვების დროს სუნთქვის თანაბარი რიტმის შენარჩუნება ძალიან
მნიშვნელოვანი ფაქტორია. აღმართზე ნაბიჯების სიხშირე სუნთქვის რიტმთან უნდა იყოს
შეჯერებული. მოძრაობის დროს სჯობს უმეტესად ცხვირით ისუნთქოთ.
გრძელი აღმართები უფრო ხშირი შესვენებებით უნდა დაძლიოთ. ასეთ
რელიეფზე ნორმალურად ითვლება ერთ საათში 200–250 მ სიმაღლის დაძლევა. ჩამოსვლაზე,
როგორც წესი, იმ დროის ნახევარი, ან ორი მესამედია საჭირო, რამდენიც ამ მონაკვეთის
ასვლაზე დაიხარჯა. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მწყემსების, მთიბავების,
მონადირეების მიერ გაკვალული ბილიკები.
მთიანი მარშრუტის გავლის დროს სასურველია ყოველ საათში საშუალოდ ათი,
თხუთმეტი წუთი შეისვენოთ.
ორი-სამი საათის მოძრაობის შემდეგ, ფიზიკური ძალების აღდგენის მიზნით,
კარგი იქნება, თუ ჩვეულებრივთან შედარებით მეტი ხნით შეისვენებთ და მსუბუქად
ისაუზმებთ. დროის დეფიციტის შემთხვევაში, მოძრაობის შეუჩერებლადაც შეიძლება მიიღოთ
ცოტაოდენი საკვები: ჩირი, ქიშმიში, კანფეტი ან სხვა სამგზავრო კონცენტრატები – ეს
შეავსებს დახარჯული ნივთიერებების მარაგს ორგანიზმში და აღადგენს დაკარგულ
ენერგიას.
წინასწარ უნდა განსაზღვროთ და მოერიდოთ გვიან საღამოს, სიბნელეში,
ნისლში, ცუდ ამინდში გადაადგილებას.
ნისლში მოძრაობის დროს, მით უმეტეს წვიმიან ამინდში, ყურადღებით უნდა
იყოთ, რათა არ დაკარგოთ გარემოში ორიენტირების უნარი, მით უფრო, თუ ბილიკები
ხშირად სხვადასხვა მხარეს იყრება. თუ ეს საჭირო გახდა, გამუდმებით უნდა ადევნოთ
თვალყური რუკას და კომპასს, მარშრუტის მარკირების ნიშნებს და ეს აღნიშვნები ხშირად
შეადაროთ აღწერილობას. თუ მარშრუტიდან აცდენის საშიშროება წარმოიშვა, აუცილებლად
უნდა დაელოდოთ ნისლის გაფანტვას.
ეცადეთ, მოძრაობა დილის საათებში, რაც შეიძლება ადრე დაიწყოთ. თავი
უნდა აარიდოთ მოძრაობას იმ ფერდობებზე, სადაც ქვები თავისუფლად ყრია. მარშრუტის
სხვადასხვა უბანზე უსაფრთხო გზის შერჩევა, კონკრეტული პირობების – ამინდის, გზის
საფარის სტრუქტურის (ბალახი, ღორღი, ნაშალი, თოვლი), მონაწილეთა მდგომარეობისა და
სხვა გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
მეტად არასასურველია წინასწარ არჩეული მარშრუტის გზადაგზა შეცვლა, რაც
მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში არის დასაშვები. ყურადღება უნდა მიექცეს მარშრუტზე
არსებულ ნიშნებს და მაჩვენებლებს. თუ მოძრაობის დროს რელიეფის სირთულის, გაუთვალისწინებელი
საფრთხის ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო თქვენ ჯგუფის უსაფრთხოებაში ეჭვი ოდნავ
მაინც შეგეპარათ, მაშინვე მიიღეთ გადამჭრელი ზომები. უნდა მოძებნოთ შემოსავლელი მარტივი
გზა, შეიძლება მოეწყოს შუალედური ბანაკი ან ჯგუფი მთლიანად უნდა დააბრუნოთ საბაზო
ბანაკში.
ძლიერი წვიმისა და სეტყვის დროს თავი უსაფრთხო ადგილს უნდა შეაფაროთ
და დაელოდოთ გამოდარებას. თუ ამის საშუალება არ არის, აღნიშნულ პირობებში სიარულის
შემთხვევაში ჯგუფის წევრებმა მოძრავ ქვებზე, მოლიპულ ზედაპირზე ფეხი ფრთხილად და
დაკვირვებით უნდა გადადგან.
მზის ძლიერი რადიაციის შემთხვევაში აუცილებელია ჯგუფის ყველა წევრმა
დამწვრობისაგან დაიცვას: თვალები – მუქი სათვალით, სახე – რაიმე ნიღბით, საცხით, ხოლო
სხეულის ღია ნაწილები – ტანსაცმლით.
მოძრაობის დროს რაიმე გაუთვალისწინებელ შემთხვევაში
უნდა შეეცადოთ სწორად შეაფასოთ ჯგუფის მდგომარეობა და ისე დასახოთ შემდგომი
მოქმედების გეგმა, ხოლო ექსტრემალური შემთხვევის დროს დროულად უნდა მიიღოთ
შესაბამისი გადაწყვეტილება და მოქმედებები სწრაფად განახორციელოთ.
მოძრაობა ხეობაში. მდინარის
გაყოლებით ხეობა, ჩვეულებრივ ტყე-ბუჩქნარითა და მკვრივი ძეძვნარითაა დაფარული.
ისინი ნიღბავენ კლდოვან შვერილებს, ლოდებს, კუნძებს, რაც საკმაოდ ართულებს
მოძრაობას. ამიტომ ხეობაში უპირატესად უნდა იაროთ მიწის საფარველიან ან ბალახიან
ფერდობზე, სადაც ბილიკის გაკვალვა უფრო ადვილია. ასეთ ფერდობებს მეტწილად
სამხრეთის ექსპოზიცია აქვთ.
ბალახით დაფარულ ციცაბო ფერდობებზე
ბილიკის უქონლობის შემთხვევაში, დიდი დახრილობის ნაწვიმარ ბალახიან დამრეც
ფერდობზე საფრთხე რომ არ შეუქმნათ უკან მომავალ მონაწილეს, უმჯობესია ჯგუფმა ასვლა
ზიგზაგით – სერპანტინით ან ფერდის გრძელი ტრავერსირებით განახორციელოს. ამ დროს,
ჯგუფის წევრებმა შემჭიდროებულად უნდა იმოძრაონ. ფერდზე მიმართულების შეცვლის წინ,
აუცილებელია მონაწილე თავის უკან მომავალ ჯგუფის წევრს დაელოდოს და მოძრაობა
მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელოს. მონაწილეებმა ფერდობზე ფეხი მყარად უნდა დადგან.
ცალკეული ბელტი (კოლბოხი), როგორც საფეხური, ისე უნდა გამოიყენონ.
ციცაბო ფერდობზე პირდაპირ ასვლა ე.წ. „ნაძვისმაგვარი“ ნაბიჯებით ხდება,
ფერდის ტრავერსირების დროს წონასწორობის უკეთ შენარჩუნების მიზნით გარეთა ფეხი
დაღმართისაკენ (დაღმართის მიმართ) ოდნავ შებრუნებულად უნდა დადგათ.
გრძელ დამრეც ფერდობზე დაშვების წინ, ჯგუფის წევრებმა ფეხსაცმელი
ზონრით მაგრად უნდა შეიკრან, რათა ფეხმა ფეხსაცმელში ნაკლებად იმოძრაოს და შედეგად
ფეხები არ გაეხეხოთ – წყლულები არ გაუჩნდეთ.
პირდაპირ დაშვების დროს, მონაწილეებმა ტერფები პარალელურად უნდა დაადგან
და მუხლები ოდნავ მოღუნონ.
ზიგზაგით დაშვების დროს უსაფრთხოება იმავე ხერხით
უნდა დავიცვათ, რომელიც ასვლის დროს იქნა გამოყენებული.
ნაყარზე გადაადგილების
მთავარი პრინციპი ისეთივეა, როგორც ბალახით დაფარულ ფერდობზე მოძრაობის დროს,
მაგრამ აქ მთავარია მონაწილეების მიერ ქვები დაბლა არ დაცურდეს – არ დაგორდეს. დაუშვებელია მკვეთრი
მოძრაობით „ცოცხალ“ ქვებთან შეხება. იქ, სადაც „ცოცხალი“ ქვებია, ჯგუფმა
შემჭიდროებულად უნდა იმოძრაოს. აუცილებელია საყრდენი წერტილების (ფეხის დასადგამი
ადგილი) ფეხით მოსინჯვა და წონასწორობის მაქსიმალურად შენარჩუნება.
წვრილ ნაყარზე ჩამოსვლის დროს ოდნავ გაშლილი ფეხებით უნდა დაცურდეთ
ქვიშასთან და წვრილ ქვებთან ერთად. ასეთი სრიალი – „გლისირება“ მოკლე ნაბიჯებით
სჯობს. საშუალო ზომის ნაყარზე ჩამოსვლის დროს, პირდაპირ, ქვემოთ უნდა იაროთ.
მსხვილ ნაყარზე ჩამოსვლა უფრო ძნელი და საშიშია, რადგან შესაძლებელია წონასწორობის
დაკარგვა, წაბორძიკება, დავარდნა, ამიტომ ფრთხილად უნდა იმოძრაოთ, რაც აგარიდებთ ფეხის
გადაბრუნებას და ქვებს შორის ფეხის მოხვედრას.
გამყოლმა სამთო ტურისტულ მარშრუტზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა
მიაქციოს დასვენებისა და ღამისთევის ორგანიზებას. მარშრუტზე ე.წ. „დიდი“
შესვენების ადგილები სასურველია იყოს მყუდრო ადგილას, სასმელი წყლის
სიახლოვეს და კარგი გადასახედით, სადაც
ჯგუფის წევრებმა უნდა შეისვენონ, გაეცნონ გარემოზე ინფორმაციას, ამინდის
შესაბამისად მოირგონ ტანსაცმელი, საჭიროების შემთხვევაში, გადააწყონ ზურგჩანთა,
გადაიღონ სურათები, ისაუზმონ და მოიკრიბონ ძალა მარშრუტის გასაგრძელებლად.
ყოველთვის უნდა ვეცადოთ ჯგუფი ღამისთევის ადგილას დაბნელებამდე
მივიდეს, რათა დღის სინათლეზე მოხდეს კარვების გაშლა, საჭმლის მომზადება და
ღამისთევის პირობების მოწესრიგება.
მარშრუტზე ღამის გასათევად განკუთვნილი საკარვე ბანაკის ადგილი გამყოლის
მიერ წინასწარ და საგანგებოდ უნდა იყოს შერჩეული, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების
თვალსაზრისით, იგი დაცული უნდა იყოს
ქვათაცვენისგან და ამიტომ უნდა მოერიდოთ ვიწრო ხეობებს, ნაშალს, ზვავის გამოტანილ
კონუსებს, ფერდობებს, რომლებზეც შეინიშნება ქვათაცვენის კვალი და სადაც არსებობს
წყლის მოვარდნის საშიშროება. ბანაკისათვის ადგილის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ
ქარის მიმართულება, ადგილის ექსპოზიცია, გარემო, რათა შეგეძლოთ ბანაკი
მაქსიმალურად „კეთილმოწყობილი“ და სრულყოფილი გახადოთ.
კარვის ადგილი საგანგებოდ უნდა მოსწორდეს და წვიმის შემთხვევაში
ნაკადულებისა და ადიდებული წყლისაგან იყოს დაცული.
კარავი საგულდაგულოდ უნდა იყოს გაშლილი და გასინჯული ლაშქრობამდე, რაც
დაგვარწმუნებს მის ვარგისიანობაში და მოლაშქრეები ივარჯიშებენ მის დადგმაში.
სხვადასხვა კარვის გაშლა სხვადასხვა თანამიმდევრობით ხდება, რაც
ძირითადად კარვის ტომარაზეა მითითებული. ამავე დროს ყურადღება უნდა მიექცეს იმას,
რომ კარვის დაქანებულ გვერდებს ნაოჭები არ გაუჩნდეს, არ იკეცებოდეს. ხანგრძლივი
წვიმის შემთხვევაში, სასურველია კარვის ჭერი და შესასვლელი დამატებით პოლიეთილენის
აპკით გადაიფაროს.
დიდი მნიშვნელობა აქვს კარავში პირადი ნივთების დალაგება-შენახვას.
მონაწილეების მიერ კარავში შექმნილი უწესრიგობა ხშირად ხელს უშლის დილით კარვიდან მათ
დროულად გამოსვლას – ერთი მაისურს ეძებს, მეორე ფეხსაცმელს და ა.შ. ეს რომ არ
მოხდეს, უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები: კარვის შიდა ჯიბეებში, პირველ რიგში,
უნდა ჩალაგდეს მსხვრევადი, ადვილად დასაჭყლეტი ნივთები, პროდუქტი; მაგარი ნივთები
ძირითადად ფეხებთან უნდა დავალაგოთ; თუ თავით გასასვლელისაკენ ვწევართ, კარვის
ფსკერის ქვეშ ფეხსაცმელი უნდა დავიდოთ, ხოლო ვინც ფეხებით წევს გასასვლელისაკენ,
ფეხსაცმელს ზემოდან უნდა დააფაროს ზურგჩანთა და თავქვეშ ისე დაიდოს. „კარემატზე“
ძირითადად ტანისამოსი უნდა გაიშალოს, რაც „რბილ საწოლს“ უზრუნველყოფს.
კარავში პირველად წვებიან ისინი, ვინც გვერდებზე წვება, ხოლო დილით
პირველი დგება ის, ვინც კარვის შუაში წევს.
დაძინების გამოცხადების შემდეგ ბანაკში არ უნდა იყოს ხმაური, რათა
მონაწილეებმა მშვიდად დაისვენონ.
უნდა გახსოვდეთ, რომ კარავშიც შეიძლება კარგი, კომფორტული დასვენება,
რაც მეორე დღის წარმატებულად სიარულის საწინდარია.
გამყოლი ჯგუფის წევრებს წინასწარ, მარშრუტზე გასვლამდე აცნობს და
უთანხმებს მათ მარშრუტის გავლის გრაფიკს, შესვენებისა და ღამის გასათევად შერჩეულ
ადგილებს. არ არის გამორიცხული, რომ ჯგუფის წევრებმა მარშრუტის გავლა მიღებულზე
მეტი დრო მოანდომონ, მეტად დაიღალონ, ამიტომ გამყოლი კარგად უნდა იცნობდეს
მარშრუტის მთელ გარემოს და იცოდეს დასვენებისა და, მით უმეტეს, ღამისთევის
სათადარიგო ადგილები.
გამყოლმა მთელი ლაშქრობის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა
მიაქციოს გარემოს დაცვის საკითხებს, ვინაიდან მარშრუტებზე ჯგუფების ინტენსიურმა სიარულმა
და, მით უმეტეს, ბანაკის ადგილებზე დიდხანს ყოფნამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი
მიაყენოს ბუნებას, ამიტომ ბუნების დაცვასა და სისუფთავეზე მთავარი პასუხისმგებელია
გამყოლი.
საჭმლის ნარჩენებს, ნაფცქვენებს, ფეკალიებს ბუნება შედარებით უკვალოდ
ითვისებს, თუმცა აუცილებელია, რომ ამით წყლის ნაკადულები არ დაბინძურდეს. მაგრამ
არის ნარჩენები, რომლებსაც ბუნება საერთოდ ვერ ამუშავებს, ვერ ითვისებს,
მაგალითად, კონსერვის რკინის ქილა „სიცოცხლისუნარიანობას“ თითქმის 70 წელი
ინარჩუნებს, პოლიეთილენი და შუშა კი საერთოდ „უკვდავია“. ამიტომ ამ ტიპის
ნარჩენები აუცილებლად უნდა შევკრიბოთ და უახლოესი დასახლებული პუნქტის
ნაგავსაყრელამდე მივიტანოთ.
უფრო დაწვრილებით გარემოს დაცვით საკითხებს და გარემოს დაბინძურების
მინიმიზაციისათვის საჭირო ღონისძიებებს გამყოლი სასურველია კარგად გაეცნოს გარემოს
ეკოლოგიური საკითხებისადმი მიძღვნილ მრავალრიცხოვან გამოცემებში, მოწყობილ
ტრენინგებში, რაც ცალკე თემად მიაწოდოს მოლაშქრეებს.
ბანაკის მოწყობისას გამყოლმა კატეგორიულად უნდა სთხოვოს ლაშქრობის
მონაწილეებს დაიცვან სისუფთავე ღამისთევის მთელ ტერიტორიაზე. ბანაკის ალაგება-დასუფთავების შემდეგ, ყველაფერი,
რისი დაწვაც არის შესაძლებელი, პოლიეთილენის გარდა, ადრინდელი კოცონის ადგილას
უნდა დაიწვას. კოცონი საგულდაგულოდ უნდა ჩაქრეს. თუ საშუალება არსებობს, ჯოხები და
შეშის ნარჩენები წვიმისაგან მოფარებულ ადგილზე უნდა დალაგდეს, შემდეგი
მოლაშქრეებისათვის. კონსერვის რკინის ქილები და პოლიეთილენის ბოთლები უნდა დაიჭეჭყოს
და ჩამოიტანოთ ნაგავსაყრელზე. ნაგვის დაწვის ადგილები უნდა დაიშალოს, ხოლო
ნარჩენები მიწაში ჩაიფლას. წასვლის წინ ბანაკის სისუფთავე მთელ პერიმეტრზე უნდა
შეამოწმოთ.
რა მოეთხოვება
სამთო გამყოლს – ზოგიერთი რჩევა
საჯარო სკოლებში, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში გამყოლის,
ჯგუფის გამცილებლის, ზრდასრული მოხალისისა და ლიდერის რაოდენობა ახალბედა
მონაწილეებისაგან შემდგარ ერთ ჯგუფზე სასურველია შემდეგნაირად განისაზღვროს –
ლაშქრობის მონაწილეების (ასევე ჯგუფების) მთლიანი რაოდენობით, მონაწილეების
წლოვანებით, გასავლელი ბილიკის სირთულით, მისი სიგრძით, წლის დროის, ჯგუფის
ფიზიკური მომზადების დონითა და სხვა რამდენიმე ფაქტორით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ყველაზე მარტივ სამთო-საფეხმავლო
მარშრუტზე, ერთ ჯგუფში როგორც მონაწილეების, ისე გამყოლების რაოდენობა სასურველია იყოს
ლოგიკური რიცხვამდე დაყვანილი. ის შეიძლება მერყეობდეს ათი ადამიანის („ათეულის“) ფარგლებში.
თუ ჯგუფში 6–7 მცირეწლოვანი მონაწილეა, გამყოლის რაოდენობა საკმარისია
შემოიფარგლოს 2–3 კაცით (წინამძღოლი, შუა – მარეგულირებელი და ჩამკეტი), ხოლო თუ
ზრდასრული მონაწილეების რაოდენობა 8–9-კაცია, გამყოლის რაოდენობა საკმარისია იყოს
2 კაცი (ერთი წინამძღოლი და ერთი ჩამკეტი).
მთის ბევრი მოსახლე მკვირცხლად დადის მთაში, ტყეში და ღრეში, ადის
საჯიხვეებზე და კარგად ნადირობს. მაგრამ, ამ გამორჩეული თვისებების გარდა, როგორც
ყველა საქმეში, საჭიროა კონკრეტული საკითხების ცოდნა, რომლებიც არაერთი
დეტალისაგან შედგება, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება მომავალი თაობის უსაფრთხოებას
– ჯგუფის გაძღოლას.
ადგილობრივი გამყოლი უნდა იყოს ის პიროვნება, რომელსაც აქვს
პასუხისმგებლობის გრძნობა, გულწრფელად უყვარს ბავშვები და ახალგაზრდობა, რომელიც კარგად
იცნობს ან წინასწარ გაეცნობა გარემოს, იცის თავისი კუთხის წარსული, აწმყო, მთაში
მოძრაობის წესები და შეუძლია შეუქმნას მოლაშქრეებს მთაში სიარულის დროს უსაფრთხო
გადაადგილების პირობები, კომფორტული, მშვიდი გარემო და ნაწილობრივ მაინც
დააკმაყოფილოს მოზარდის უსაზღვრო ცნობისმოყვარეობა.
თუ დამწყები გამყოლი შემდეგში ამ მოთხოვნადი პროფესიით დაინტერესდება
და მოინდომებს მის სრულყოფილად დაუფლებას, უნდა იცოდეს, რომ მთაში სიარული მისგან
მოითხოვს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და სპეციალური საკითხების ცოდნას, გამძლეობასა
და მოხერხებულობას, რაც საკმაო ფიზიკურ მომზადებას საჭიროებს.
გამყოლის საერთო ფიზიკური მომზადება მთელი წლის განმავლობაში
სისტემატურად და გეგმაზომიერად უნდა ხდებოდეს. ინტენსიური ვარჯიშის გეგმის
შემუშავების დროს გამყოლმა სასურველია უპირატესობა სპორტის ისეთ სახეობას
მიანიჭოს, როგორიცაა რბენა გრძელ დისტანციაზე, სათხილამურო სპორტი, მეკლდეურობა,
ფეხბურთი და სხვ. თუ სპორტის სახეობა და ვარჯიშის რაოდენობა თქვენს ფიზიკურ
მდგომარეობას აუმჯობესებს, სიხარულს გგვრით და ამაღლებს თქვენს შრომისუნარიანობას,
ე. ი. თქვენზე ეს ვარჯიში დადებითად მოქმედებს. სხვა შემთხვევაში თქვენ თვითონვე შეგიძლიათ
შეცვალოთ სპორტის სახეობა და ვარჯიშის ინტენსივობა.
როგორც წესი, სპირტიანი სასმელების მიღება სასურველია დაიყვანოთ
მინიმუმამდე, ხოლო სიგარეტის მოწევა საერთოდ აიკრძალოთ.
დარწმუნებული ვართ, რომ ზემოთ მოყვანილი რჩევები გამყოლს გამოადგება
თავისი ახალი გატაცების საწყის ეტაპზე და მისი შემდგომი სრულყოფა დამოკიდებული
იქნება მის მონდომებაზე, სწავლასა და პიროვნულ თვისებებზე.
სამთო-საფეხმავლო ტურიზმში თავმოყრილი სანახაობით-ესთეტიკური და
შემეცნებით-კულტურული შესაძლებლობები ყველა ადამიანში დადებით ემოციებს იწვევს,
რასაც განაპირობებს მრავალფეროვანი, თვალწარმტაცი რელიეფი, მდიდარი მწვანე საფარი,
ისტორიულ-ეთნოგრაფიული და არქიტექტურული ძეგლები. ამიტომ სასურველია ადგილობრივი გამყოლი
გეოგრაფიული გარემოს გარდა, იცნობდეს თავისი კუთხის ისტორიას, არქიტექტურულ
ძეგლებს, რელიგიურ რიტუალებს, სახალხო და სასულიერო დღესასწაულებს, თქმულებებს,
ლეგენდებს, სხვადასხვა საგანმანათლებლო, გასართობ და სპორტის არაერთი სახეობის
ილეთებს, თამაშებს და ა. შ.
გამყოლი ბუნების პირველი და მუდმივი ქომაგია, ამიტომ მთელ მარშრუტზე
მისი გაფრთხილებისა და მოვლის საუკეთესო მაგალითი უნდა იყოს.
გამყოლმა სასურველია იცოდეს ადამიანის პირველადი დახმარების
ელემენტარული წესები და საჭიროების შემთხვევაში შეძლოს ყველგან მისი გამოყენება.
საგანმანათლებლო, მით უმეტეს, მრავალრიცხოვან სკოლებსა და სხვა
სასწავლებლებში სამთო-საფეხმავლო ლაშქრობებში მონაწილეთა რაოდენობა, სულ მცირე
რამდენიმე ჯგუფით (ათეულით) განისაზღვრება. ამიტომ ორგანიზაციული საკითხებისა და
მთაში უსაფრთხო გადაადგილების დროულად და ხარისხიანად გადაწყვეტის მიზნით, ლაშქრობის
ხელმძღვანელობა ერთ ადამიანს ევალება.
მას შემდეგ, რაც მონაწილეების ყველა ჯგუფი („ათეული“) ჩამოყალიბდება, სასურველია
გამყოლმა მარშრუტზე გასვლამდე საკმაო დრო დაუთმოს თითოეული მონაწილის უკეთ გაცნობას
და მარშრუტის ერთობლივ განხილვას, გეგმის დაზუსტებას. თუ ჯგუფს არა ჰყავს ლიდერი,
უმჯობესია ჯგუფის წევრებთან ერთად შეარჩიოთ მისი კანდიდატურა, რომელიც გამოირჩევა
თავისი ენერგიულობით, კომუნიკაციის, ინიციატივისა და სხვა ნიჭით.
აღნიშნულთან დაკავშირებით ლაშქრობის დროს „ათეულის“ ყველა გამყოლი
(„წინამძღოლი“, „მარეგულირებელი“, „ჩამკეტი“ თუ სხვა) უსმენს და ასრულებს საერთო
ხელმძღვანელის მითითებებს. ამიტომ აუცილებელია მრავალრიცხოვან ლაშქარში ყველა
„ათეულმა“ ერთ უწყვეტ მწკრივში/რიგში, ერთმანეთისაგან რამდენიმე მეტრის დაშორებით
იაროს.
თუ ცალკე ჯგუფად მიდიხართ ლაშქრობაში, ამ შემთხვევაში ჯგუფის საერთო საჭურველი,
საგზალი და ასევე მარშრუტის გავლისათვის საჭირო დრო უნდა გათვალოთ (დაუმატოთ) უამინდობაზე.
აუცილებელია ყველა საკვანძო საკითხი - სიარულის დრო, დასვენება,
კარვების გაშლა, თუ მარშრუტიდან დაბრუნების დრო ისე განსაზღვროთ, რომ ყველაფერი
მოესწროს დღის სინათლეზე – დაღამებამდე.
ჯგუფთან ჩვეული კითხვა-პასუხის შემდეგ, მარშრუტის
წარმატებით გავლის მიზნით, სასურველია დაადგინოთ, შეაფასოთ და მოამზადოთ ზოგიერთი საკითხი
თუ დეტალი, კერძოდ:
-
მარშრუტზე გასვლის წინ
აუცილებელია გადაამოწმოთ ჯგუფის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა; დააზუსტოთ
მთის ბილიკებზე სიარულის მათი გამოცდილება, მარშრუტის გავლის საკვანძო საკითხები;
სასურველია, წინასწარ იცოდეთ, სად იქნება შესვენების ან ღამისთევისათვის ძირითადი
და სათადარიგო ადგილები;
-
სასურველია, ჯგუფს წინასწარ
გააცნოთ სამთო მარშრუტის ლანდშაფტური თავისებურება, კულტურის ძეგლის მოკლე
ისტორია, მარშრუტის გავლის სავარაუდო დრო, მთაში სიარულის ზოგიერთი წესი, სირთულე,
თუ ასეთი არსებობს მარშრუტზე, გააცნოთ წასაღები
პირადი და ჯგუფის საერთო საჭურვლის სია და სხვ.;
-
მარშრუტზე გასვლამდე
საკმარისი დრო უნდა მოანდომოთ საჭურვლისა და პროდუქტების შერჩევას, რათა ყველაფერი
ზუსტად იყოს გათვლილი; სასურველია ჯგუფმა მარშრუტზე ზედმეტი ბარგი არ ატაროს,
ამავე დროს ყველაფერი საჭირო თან ჰქონდეს წაღებული;
-
ჯგუფის ყველა წევრს
ზურგჩანთა კარგად უნდა ჰქონდეს მორგებული. ზურგჩანთიდან არ უნდა იყოს ამოშვერილი
კარვის ჯოხის ბოლოები ან რაიმე საგნები, რომლებსაც შეუძლია ჯგუფის სხვა წევრი
დააზიანოს;
-
დააზუსტოთ მარშრუტზე
გასვლამდე მოლაშქრეთა მთელი შემადგენლობისათვის რომელ გამყოლებს მოაქვთ საერთო
დანიშნულების საგნები და საჭურველი: მარშრუტის აღწერილობა, კავშირის საშუალება, ალტიმეტრი,
კომპასი, ბინოკლი, რუკა, კარგი ხარისხის ფოტოაპარატი, თერმოსი, პრიმუსი–ბენზინი,
ფანარი, საველე აფთიაქი, დამხმარე
საშუალებები და სხვ.;
-
ჯგუფი სასურველია
გავიდეს მარშრუტზე და უკან დაბრუნდეს დათქმულ დროს (საათს);
-
თუ ჯგუფი ორი დღით
გადის მარშრუტზე, სასურველია პროდუქტები დაყოთ და დააფასოოთ მისი მოხმარების
შესაბამისად – მარშრუტის გავლის პირველ და მეორე დღეზე; მარშრუტის გავლის მთელ
პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ პროდუქტის შეფუთვის, ჩალაგებისა
და ტრანსპორტირების პირობებს, მათ მოვლას შესვენებისა და ღამისთევის ადგილებში,
რათა პროდუქტები არ დაიჭყლიტოს, არ გაფუჭდეს, არ დასველდეს, დასვენების ან
ღამისთევის დროს ძაღლმა ან სხვა ცხოველმა არ გააფუჭოს და სხვ.;
-
მარშრუტის პირველი
მონაკვეთი აუცილებლად უნდა დაიწყოთ ნელი ტემპით და ათი-თხუთმეტი წუთის შემდეგ
ჯგუფი ცოტა ხნით შეასვენოთ, რათა მონაწილეებმა უკეთ მოირგონ ჩაცმულობა, ზურგჩანთა,
შეეგუონ სიარულს და სხვ.;
-
ჯგუფის რომელიმე
წევრის ტრავმის ან შეუძლოდ გახდომის შემთხვევაში, მთელი ჯგუფი უნდა გაიყვანოთ
უსაფრთხო, შესაფერის ადგილას, ავადმყოფს აღმოუჩინოთ პირველადი დახმარება და
განსაზღვროთ მარშრუტის გაგრძელების ან უკან დაბრუნების მიზანშეწონილობა;
-
არ გადაუხვიოთ დათქმულ
მარშრუტს. თუ გზა აგერიათ, უმჯობესია, არ იჯიუტოთ, დაბრუნდეთ ნაცნობ ადგილამდე და
გააგრძელოთ სვლა დადგენილი მარშრუტით;
-
სასურველია ყოველთვის
იკვებებოდეთ ჯგუფთან ერთად;
-
მარშრუტის გავლის მთელ
პერიოდში უნდა შეეცადოთ, ჯგუფის ყველა მონაწილე იყოს თქვენი თვალთახედვის არეში,
დაუშვებელია მარშრუტზე ჯგუფის გაწელვა დიდ მანძილზე, რასაც მუდმივად უნდა მიაქციონ
ყურადღება შუაში მდგომმა ე.წ. „მარეგულირებელმა“ და ჯგუფის ბოლოში მდგომმა
„ჩამკეტმა“;
-
ჯგუფისათვის ნებისმიერი
ინფორმაცია უნდა იყოს მკაფიო, ზომიერად ხმამაღალი – არა ყვირილით, მაგრამ
მომთხოვნი და ყველა მონაწილისათვის გასაგები;
-
სიარულის ტემპი უნდა
შეარჩიოთ ჯგუფში ყველაზე სუსტი მონაწილის შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც
უნდა ჩადგეს ათეულის წინ, ხელმძღვანელის უკან;
-
უნდა დაიცვათ ეტიკეტის
გარკვეული ნორმები: მარშრუტზე ძალიან წინ არ გაიჭრათ, ჯგუფს არ ჩამორჩეთ, არ
იხმაუროთ, ზომიერად, ხმადაბლა ილაპარაკოთ, ძალიან არ „იუფროსოთ“ და ა.შ.;
-
თუ მარშრუტზე რომელიმე
მონაწილე რეგულარულად ჩამორჩება ჯგუფს, მაშინვე უნდა გაარკვიოთ ამის მიზეზი.
შეიძლება ეს იყოს ბარგის ზედმეტი წონა, ცუდად ჩალაგებული ზურგჩანთა, ფეხსაცმელი,
სიარულის მაღალი ტემპი, ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიზეზების დადგენის შემდეგ, თუ
ლაშქრობას ჰყავს საერთო ხელმძღვანელი, თქვენს ჯგუფში ყველა წარმოჩენილი პრობლემა
უნდა შეატყობინოთ საერთო ხელმძღვანელს და ერთად გადაწყვიტოთ შემდეგი მოქმედებები;
-
ფიზიკურად სუსტ
მონაწილეს სასურველია დელიკატურად შესთავაზოთ მისი ბარგის ნაწილის წაღება ან
ტვირთი გადაუნაწილოთ ჯგუფის წევრებს;
-
თუ ჯგუფში ვინმე შეუძლოდ
შეიქნა, აუცილებელი გახდა მისი უკან დაბრუნება და უკანა გზა აბსოლუტურად უსაფრთხოა,
ავადმყოფს უნდა გააყოლოთ სულ მცირე ორი ან სამი მონაწილე, რომელთაგან ერთი იქნება
იგივე სქესის წარმომადგენელი, ხოლო მეორე ზრდასრული მონაწილე ან სხვა გამყოლი.
მათთან აუცილებლად უნდა გქონდეთ მუდმივი სატელეფონო კავშირი, სანამ არ მივლენ
შეთანხმებულ ადგილამდე. თუ ამის საშუალება არ არის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის
მიზნით ჯგუფი მთლიანად უნდა დააბრუნოთ მარშრუტიდან;
-
მარშრუტზე უნდა იყოთ
პუნქტუალური, დაიცვათ ჯგუფთან წინასწარ შეთანხმებული პირობები, სიარულის ტემპი,
დასვენების, კვების, ღამისთევის, დაბრუნების დრო და სხვ.;
-
ყურადღებით იყავით,
რათა მონაწილემ მარშრუტის გავლის დროს არ დაკრიფოს და არ შეჭამოს რაიმე უცნობი
მცენარის მაწყინარი ნაყოფი, არ დალიოს სასმელად უვარგისი წყალი და სხვ.;
-
არ უნდა დაუშვათ
ჯგუფის მონაწილეების მზით ან ჭინჭრით დამწვრობა, ჯგუფის წევრის ახირებული სურვილის
შესრულება – ციცაბო კლდეზე ასვლა, მარშრუტიდან გადახვევა, ცხენზე ჯირითი, ცივ
წყალში ბანაობა და სხვ.;
-
ლაშქრობაში ყოვლად
დაუშვებელია ალკოჰოლიანი სასმელების წაღება,
ადგილობრივი მოსახლის ან სხვათა მიერ შემოთავაზებული ალკოჰოლიანი სასმელის მიღება.
მარშრუტზე რომელიმე ჯგუფის გამყოლს, რომელმაც უკეთ იცის წამლების
დანიშნულება და მათი მოხმარების წესი, აუცილებლად უნდა ჰქონდეს თან პატარა საველე
აფთიაქი წინასწარ შერჩეული წამლებით: გულის, კუჭის აშლილობის და შეკრულობის, ყელის,
დამწვრობისა და ჭრილობის საჭირო წამალი, სიცხისა და წნევის დამწევი პრეპარატი,
სამედიცინო თერმომეტრი, წნევის აპარატი, თავის ტკივილის საწინააღმდეგო წამლები, ტკივილგამაყუჩებელი
საშუალებები, მზისგან დამცავი საცხი, ბაქტერიოციდული პლასტირი, სამედიცინო სპირტი,
ბინტი, ბამბა და სხვ.
ერთ ან ორდღიან სამთო მარტივ მარშრუტზე მონაწილის პირადი საჭურვლის
სავარაუდო ჩამონათვალი (წლის სხვადასხვა დროისთვის).
პირადი საჭურველი: